ადვოკატის, ზაზა დათუკიშვილის თქმით, გახარიას დაკავებულ მხარდამჭერს სასამართლოდან საპატიმროში გადაყვანის დროს ის პოლიციელი შეახვედრეს, ვინც მას იარაღი ჩაუდო.
დათუკიშვილი ამბობს, რომ გადაყვანისას აღნიშნული პოლიციელი აკაკი ბართაიას კიდევ ერთხელ დაემუქრა.
უფლებადამცველი ბართაიას მონათხრობს ეყრდნობა.
გიორგი გახარიას მხარდამჭერის გადმოცემით, როცა ის პატიმრობის შეფარდების შემდეგ მე-8 საპყრობილეში გადაჰყავდათ, მანქანა შემოვლითი გზით წავიდა და მიზეზად ქალაქის გადატვირთული მოძრაობა დასახელდა. გზად კი ისინი პოლიციელმა გააჩერა და "სერიოზული პრობლემების შექმნით" და "გამწარებით" დაემუქრა.
ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულს შეუძლია, ამოიცნოს პოლიციელი, ვინაიდან ის უკვე ორჯერ ყავს ნანახი.
დაცვის მხარემ პოლიციელის მხრიდან იარაღის ჩადების და მუქარის შემთხვევების შესწავლის და გამოძიების მოთხოვნით სახალხო დამცველს და პროკურატურას მიმართა.
გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის მხარდამჭერს, აკაკი ბართაიას პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, 19 აგვისტოს შეუფარდა.
ბართაია 16 აგვისტოს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ბართაია პოლიტიკური ნიშნით დააკავეს, საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვეს და იარაღიც ამის გამო ჩაუდეს.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. 17 აგვისტოს კახაბერ ქემოკლიძემ თქვა, რომ მათ სუს-ის თანამშრომლები დაყვებოდნენ და აკვირდებოდნენ, ვის ხვდებოდა ყოფილი პრემიერმინისტრი.